ლატვიაში ნატოს მრავალეროვნული ბრიგადის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ნატოს მრავალეროვნული ბრიგადის ფარგლებში ლატვიაში ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
წვრთნების სახელწოდებაა Resolute Reforger. სამხედრო მანევრები 26 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება. მასში 3 ათასი სამხედრო და 1 ათასამდე ერთეული ტექნიკა მონაწილეობს, წვრთნები ლატვიის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება.
წვრთნების დროს სამხედრო ძალთა განთავსების, მათი უზრუნველყოფის, მართვის, კავშირის და ლატვიის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედების ელემენტებს გაივლიან. მანევრების დროს უნდა დადგინდეს, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია ბრიგადას სამხედროების გადაადგილება და მათი უზრუნველყოფა დიდ დისტანციებზე.
მრავალეროვნული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დევიდ ბრასარმა განაცხადა, რომ სამხედრო მანევრების დროს გამოჩნდება, თუ რამდენად შეუძლიათ სამხედროებს საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლა ბაზებიდან მოშორებით, რამდენად ეფექტიანი იქნება მათი მოქმედების მხარდაჭერა საველე პირობებში და მართვისა და კავშირის უზრუნველყოფა.