ქუვეითზე დრონით იერიშს კომპანია Rheinmetall-ის ორი იტალიელი თანამშრომელი ემსხვერპლა
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუვეითზე ირანული დრონით იერიშს ორი იტალიელი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
იტალიელები გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის იტალიურ ფილიალში მუშაობდნენ. იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, დაღუპულები 36 და 65 წლის მამაკაცები არიან.
„დრონით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა იმ ადგილას, სადაც კომპანია Rheinmetall Italia-ს ორი იტალიელი ტექნიკოსი მუშაობდა“, - ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე“ განხორციელებული „დანაშაულებრივი თავდასხმის“ შედეგად ქუვეითისა და პაკისტანის მოქალაქეები დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ირანმა ქუვეითზე ავიაიერიში უარყო.
ქუვეითი, აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, თებერვალში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ხშირად გამხდარა ირანული თავდასხმების სამიზნე.