Loading data...
კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კუბის ყოფილ პრეზიდენტს რაულ კასტროს და კიდევ ხუთ პირს 30 წლის წინ კუბის სამხედროების მიერ ორი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში ბრალი წაუყენა.

ბრალდება უკავშირდება კუბის საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ 1996 წელს ორი ამერიკული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რის შედეგადაც მაიამიში დაფუძნებული, კუბელი ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბებული ჰუმანიტარული ჯგუფის - „ძმები გადარჩენისთვის“ - ოთხი წევრი დაიღუპა.

კუბის მთავრობა ამტკიცებს, რომ თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა სცადეს, რის გამოც მათ წინააღმდეგ დარტყმა განხორციელდა და რაულ კასტროს, რომელიც იმ დროს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ კონკრეტული ბრძანება არ გაუცია. 

კუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ „იტყუება და ამახინჯებს თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ მოვლენებს“. მისი თქმით, ეს არის „პოლიტიკური მანევრი, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონექტიკუტში გამართულ ღონისძიებაზე კუბას „არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო“ უწოდა, რომელიც მტრულად განწყობილ უცხოელ სამხედროებს მალავს.

„ჰავანას სანაპიროებიდან პანამის არხის ნაპირებამდე ჩვენ განვდევნით უკანონობის, დანაშაულისა და უცხოური შემოჭრის ძალებს“, - განაცხადა ტრამპმა სანაპირო დაცვის აკადემიის ღონისძიებაზე.