Loading data...
კუბის პრეზიდენტის განცხადებით, ჰავანამ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები დაიწყო

კუბის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყეს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა.

„ეს მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი უთანხმოებების დიალოგის მეშვეობით გადაჭრის გზების პოვნას“, - განაცხადა დიას-კანელმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.

მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა, ტრამპმა ვენესუელური ნავთობის კუბაში მიწოდება შეწყვიტა და დაიმუქრა, რომ ტარიფებს დაუწესებდა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც კუბას ნავთობს მიჰყიდდა.

ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ კუბა კოლაფსის პირასაა, ან შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დადება სურს. მან ასევე თქვა, რომ აშშ-მა შესაძლოა, კუბაზე „მეგობრული კონტროლი“ დაამყაროს, შემდეგ კი დასძინა, რომ „შესაძლოა, ეს მეგობრული კონტროლი არ იყოს“.