კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა.
პესკოვმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს, თუ არა მოსკოვი შესაძლებლად მომავალში უკრაინის გავლით ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებას.
„ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაკლებად სავარაუდოა. სინამდვილეში, ადგილზე არსებული ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ასეთი გეგმების რეალიზება შეუძლებელია. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სწრაფად აღდგენას მხარს უჭერს მოლაპარაკებების ფარგლებში, რომლებიც მიზნად ისახავს მოახლოებული ზამთრის წინ ენერგეტიკული ზავის მიღწევას.