კრემლში აცხადებენ, რომ კალინინგრადის ოლქზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია და რეგიონისთვის საფრთხეების საკითხის ესკალაციის საჭიროება არ არსებობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის საკმაოდ „გააფთრებული“ მილიტარიზაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. ჩვენთვის ეს რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია და ამ რეგიონზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, მისი თქმით, რეგიონისთვის საფრთხეების საკითხის ესკალაციის საჭიროება არ არსებობს.
„აქ საჭიროა, ენთუზიაზმი შევამციროთ. ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპაში ყველამ გაიგოს, რომ ეს ნამდვილად რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია. რუსეთის ფედერაცია არასდროს დაუშვებს, რომ ვინმემ ხელყოს ეს განუყოფელი ნაწილი, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ ასეთი რიტორიკა არ უნდა დომინირებდეს, როგორც ეს ახლა ხდება“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ირლანდიაში რუსეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თუ ნატოს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ბლოკადას განახორციელებენ და რუსეთის დანარჩენი ნაწილისგან მის მოჭრას შეეცდებიან, მოსკოვი მზად იქნება, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად შეიარაღების მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს“.