კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
„თუ ნატოს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ბლოკადას განახორციელებენ და რუსეთის დანარჩენი ნაწილისგან მის მოჭრას შეეცდებიან, მოსკოვი მზად იქნება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად შეიარაღების მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს“, - წერია ირლანდიაში რუსეთის საელჩოს განცხადებაში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამასთანავე, რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ ის ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სამხედრო გზით შეჭრას გეგმავს და ჰიბრიდულ შეტევებს აძლიერებს. კრემლში ამბობენ, რომ რუსეთის საფრთხეზე საუბრის მიზანია ევროპის საყოველთაო მილიტარიზაციის და უკრაინისთვის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარების გამართლება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს არა აქვს გეგმები და, რაც მთავარია, მოტივები, რომ ევროპასთან ურთიერთობები გაამწვავოს.
მოსკოვი ირწმუნება, რომ დასავლეთის მხრიდან მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხე არსებობს. რუსეთში აცხადებენ, რომ ნატო რუსეთის დასავლეთ საზღვართან სამხედრო აქტივობას აძლიერებს. ასევე ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას შეუერთდა, რომლის მიხედვით ამ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაა შესაძლებელი.
კალინინგრადის ოლქის უსაფრთხოებაზე საუბრისას, მოსკოვი ყურადღებას ამახვილებს ლიეტუვურ-პოლონურ-ფრანგულ სამხედრო წვრთნებზე „Gallant Boar 2026"-ზე, რომელიც 2026 წლის ივნისში ჩატარდა.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ცნობით, სამხედრო მანევრების მიზანი იყო სუვალის დერეფნის დაცვის სწრაფი და ეფექტიანი უნარ-ჩვევების შემუშავება. ეს ტერიტორია ლიეტუვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს და ბალტიის ქვეყნებს ევროკავშირის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. რუსეთში კი ამბობენ, რომ წვრთნები რუსული ექსკლავის - კალინინგრადის ოლქის წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც 29 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის არამეგობრული ქმედებების მიზანია ევროპის დაშინება, რათა მან უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. რუტეს თქმით, რუსეთს ეს არ გამოუვა.