Loading data...
კრემლში არ გამორიცხავენ, რომ ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან

ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ამ ეტაპზე შეთანხმებული არ არის. ამავდროულად, მოლაპარაკებების შესაძლებლობა განიხილება, თუ ღონისძიებას ორივე ლიდერი დაესწრება. ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუ ისინი ერთად აღმოჩნდებიან ჩინეთში, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი შეხვედრა განხილვის საგანი გახდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

პუტინის, ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაემთხვევა მათი გრაფიკები და რა თემები შეიძლება განიხილონ.

„ასეთი შეხვედრის ჩატარების საერთო სურვილი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენად ემთხვევა ლიდერების გრაფიკები ერთმანეთს და ნამდვილად არ ვიცით, როგორი შეიძლება იყოს ამ შეხვედრის დღის წესრიგი. თუმცა ყველა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის APEC-ის სამიტი 18-19 ნოემბერს ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, შენჟენში არის დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ სამიტს დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი დაესწრებიან.