Loading data...
კრემლმა ევროპის სამშვიდობო გეგმა უარყო

მოსკოვი არაკონსტრუქციულს და მისთვის მიუღებელს უწოდებს სამშვიდობო გეგმას, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა წარმოადგინეს. ევროპელმა ლიდერებმა თავდაპირველ გეგმაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. ის, რომ მოსკოვისთვის ევროპელების სამშვიდობო გეგმა მიუღებელია, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. ამასთანავე, მან არ დააკონკრეტა, არის თუ არა საუბარი სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ჟენევაში აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმა განიხილეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„უკრაინის სამშვიდობო გეგმის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმაა. რუსეთის ფედერაცია ენდობა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც უშუალოდ აშშ-დან მოდის“, - განაცხადა უშაკოვმა.

ამასთანავე, პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ მოსკოვი გაეცნო აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ალასკაზე იყო განხილული და ამ გეგმის ბევრი პუნქტი რუსეთისთვის მისაღებია. უშაკოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში მოსკოვთან კონტაქტებს დაამყარებს და სამშვიდობო გეგმის დეტალების განხილვა მოხდება.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, განახლებულ სამშვიდობო გეგმას რუსულ მხარეს წარუდგენენ. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა არ იგეგმება. მანამდე ტრამპი სამშვიდობო გეგმის ხელმოწერის ბოლო ვადად 27 ნოემბერს ასახელებდა.