კრემლი: პუტინმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან.
მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.
„მასუდ პეზეშქიანმა მადლიერება გამოხატა რუსეთის მიერ ირანელი ხალხის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობისთვის, რომლებიც სამშობლოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის მიმდინარე მწვავე ფაზაში განვითარებული მოვლენების შესახებ“, - ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
კრემლის ცნობით, ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით გაგრძელდეს.