„კორუფციასთან ბრძოლა აუცილებელია დასავლეთის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს მიმართავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უკრაინას გერმანიის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა და, ამავდროულად, კორუფციის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტი ბრძოლისკენ მოუწოდა.
„უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დასავლეთის მხარდაჭერა საიმედო დარჩეს“, - განაცხადა ვადეფულმა კანადაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის დამოუკიდებელ ხელისუფლებას ამ საქმეში“, - დასძინა მან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NAEC) გამოაქვეყნა გამოძიება NNEGC Energoatom-ში მსხვილი კორუფციული სქემის შესახებ, სახელწოდებით „მიდასი“.
სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, „კვარტალ-95“-ის თანამფლობელი და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პარტნიორი. ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ მინდიჩი გავლენას ახდენდა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან გალუშჩენკოზე და თავდაცვის ყოფილ მინისტრ რუსტემ უმეროვზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობამ, ენერგეტიკის სექტორში კორუფციის გამოძიების ფარგლებში, გერმან გალუშენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც ამ დროს იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.