კირილ დმიტრიევი: აშშ, უკრაინა და რუსეთი ომის „დიპლომატიური მოგვარების“ საკითხთან ახლოს არიან
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ მოსკოვი, აშშ და უკრაინა დიპლომატიური შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, რაც მათ ომის დასრულების საშუალებას მისცემს. იტყობინება Reuters.
„ვფიქრობ, რუსეთი, აშშ და უკრაინა რეალურად ძალიან ახლოს არიან დიპლომატიურ გადაწყვეტასთან“, - განუცხადა დმიტრიევმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის ჩასვლის შემდეგ.
ევროპელმა დიპლომატებმა სააგენტოს ადრე განუცხადეს, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინასთან ერთად მუშაობენ ახალ წინადადებაზე ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გეგმის თანახმად, შეერთებული შტატები ცენტრალურ როლს შეასრულებს კონფლიქტის მოგვარებაში.
„ეს პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან დიდი ნაბიჯია, რათა უკვე აღიაროს, ის უკვე აღიარებს, რომ საუბარი ეხება საბრძოლო ხაზებს. იცით, მისი წინა პოზიცია იყო, რომ რუსეთს მთლიანად უნდა დაეტოვებინა პოზიციები, ამიტომ, სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ დიპლომატიურ შეთანხმებასთან, რომლის მიღწევაც შესაძლებელია“, - აღნიშნა დმიტრიევმა.
სააგენტომ აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მოსკოვის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ამერიკული სანქციების ფონზე ხდება. თუმცა, დმიტრიევის თქმით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგი გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებენ და პატივისცემით მოეპყრობიან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.