კირ სტარმერის თქმით, მეფე ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა ე.წ. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში ჩვენება უნდა მისცეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა ე.წ. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წინაშე ჩვენება უნდა მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, კირ სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, მისი გაზიარებისთვის მზად უნდა იყოს.
„ჩვენების მიცემის თვალსაზრისით, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველა, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია, მზად უნდა იყოს, გააზიაროს ეს ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით, როგორც მას მოსთხოვენ. თქვენ ვერ იქნებით მსხვერპლზე ორიენტირებული, თუ ამისთვის მზად არ ხართ. ეპშტეინის მსხვერპლები პირველ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდნენ“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.
მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეპშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. მასალა ავლენს ეპშტეინის კავშირს რამდენიმე ცნობილ ფიგურასთან. ახალ მასალებში ჩანს ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, რომელიც უცნობ ქალთან ერთად არის გადაღებული.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში კონგრესში დემოკრატებმა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს სთხოვეს, ეპშტეინის საქმეზე გამოძიების ფარგლებში კითხვებზე ეპასუხა. იმ დროს სტარმერმა განაცხადა, რომ ეს „მიწვევა ენდრიუს პირადად უნდა განეხილა“.