Loading data...
კიევში ვიზიტის შემდეგ უნგრეთის პრემიერი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ VSquare-ისა და Direkt36-ის ჟურნალისტი საბოლჩ პანი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას აშუქებს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ვიქტორ ორბანს თან გაჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„ხვალ მოსალოდნელია, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში გაემგზავრება, სამშაბათს (2 ივლისს) კიევში მოულოდნელი ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამის შესახებ დასავლეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე ოფიციალურმა პირმა დამოუკიდებლად მითხრა. [უნგრეთის] საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც (ლავროვის მეგობარი) მიდის“, - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში პეკინში Belt and Road-ის ფორუმზე შეხვდა, სადაც ის მივიდა, როგორც რიგითი ევროკავშირის პოლიტიკოსი. ახლა კი ვიქტორ ორბანი პუტინს შეხვდება, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური.