კიევში კაცი დააკავეს, რომელიც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის მკვლელობას აპირებდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ცენტრში კილერი დააკავა, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით მოქმედებდა. ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის მკვლელობას აპირებდა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
მკვლელის დაკავება მრავალსვლიანი ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ის მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე დააკავეს, როდესაც „პისტოლეტი ამოიღო და უკრაინელ ოციცერს დაუმიზნა“.
მკვლელობის მომზადებაში ეჭვმიტანილი ცენტრალური აზიის ქვეყნის მოქალაქეა. აგენტი უკრაინაში ტურისტის სახით ჩავიდა.
თავდაპირველად კილერი ნიკოლაევის ოლქში ჩავიდა. იქ მან სმარტფონები და სიმ-ბარათები შეიძინა, რათა კურატორებთან კავშირი ჰქონოდა. ამის შემდეგ ის კიევში წავიდა, სადაც მიიღო მიზნის ფოტო და იარაღის სამალავის გეოლოკაცია.
უკრაინელი ოფიცრის მკვლელობისთვის კილერს 50 ათასი აშშ დოლარი უნდა მიეღო. დაკავებულს თან ჰქონდა იარაღი და სმარტფონები, სადაც რუსეთის უშიშროების სამსახურთან მისი კავშირების დამადასტურებელი ინფორმაცია იყო აღმოჩენილი.