კიევში 1100 სახლი ორი თვე გათბობის გარეშე დარჩება
უკრაინის დედაქალაქ კიევში მინიმუმ ორი თვის განმავლობაში 1100 მრავალსართულიანი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩება. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
საუბარია დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებზე, რომლებსაც სითბოს დარნიცკის თბოელექტროცენტრალი აწვდიდა. მასზე 3 თებერვალს რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თბოელექტროცენტრალის დაზიანებები კრიტიკულია და მის აღდგენას სულ მცირე 2 თვე დასჭირდება. ამ სახლების გათბობის სისტემებიდან წყალი ჩამოასხეს, რათა კიდევ უფრო სერიოზული დაზიანებები თავიდან იყოს აცილებული.
კლიჩკოს თქმით, კიევის ხელისუფლებამ გათბობის გარეშე დარჩენილი მიკრორაიონების სკოლებში გათბობის დამატებითი პუნქტები მოაწყვეს. საერთო ჯამში დარნიცკის რაიონში გათბობის 36 პუნქტი მოეწყო, ხოლო დნეპროვსკის რაიონში - 27.