ხმაური და დაპირისპირება ალბანეთის პარლამენტში - ოპოზიცია პრემიერის გადადგომას ითხოვს
„ალბანეთის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს და მმართველი უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებიდან მიკროფონებს აძრობდნენ“, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელში იმ სტუდენტების ფოტოები ეკავათ, რომლებიც ტირანაში, პოლიციასთან შეტაკებებისას დაშავდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში ვითარების დაძაბვა ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტს უკავშირდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს დემონსტრანტების, მათ შორის სტუდენტების მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვს.
შეგახსენებთ, ალბანეთის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები, პიროტექნიკა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნები სწავლის საფასურის შემცირება, განათლების ბიუჯეტის გაზრდა და კორუფციის დაძლევაა, მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა კი მთავრობის მეთაურის გადადგომაა. თავად ედი რამა აცხადებს, რომ მოქალაქეების რეალურ პრობლემებს ძალადობრივი ჯგუფები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.