Loading data...
ხერსონის გარეუბანში რუსებმა სამგზავრო ავტობუსს დაარტყეს - დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

9 აგვისტოს, დილით, ხერსონის გარეუბანში რუსები სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ხერსონის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, 9 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ხერსონის გარეუბანში მოძრავ სამარშრუტო ავტობუსს დრონით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო პროკურატურის ცნობით, გარკვეულმა რაოდენობამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

„ყველა დაშავებული დაბომბვის დროს სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფებოდა“, - აღნიშნეს უწყებაში.

გამოძიება დაიწყო ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ორი მამაკაცი დაიღუპა.

„ოლქის კიდევ ათი მცხოვრები დაშავდა, მათგან ორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და ჩვენი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

პროკუდინმა მოგვიანებით განმარტა, რომ რუსული დარტყმის შედეგად ავტობუსზე დაშავებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. კიდევ ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.