Loading data...
ხამენეი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დასავლეთის მოთხოვნები თეირანთან დაპირისპირების საბაბია

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ დასავლეთის მოთხოვნები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირების საბაბია.

ხამენეიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს კვლავ დაარტყამს, თუ თეირანი მათ ხელახლა ამუშავებას შეეცდება.

„ბირთვული პროგრამა, გამდიდრება, ადამიანის უფლებები - ყველაფერი საბაბია. ისინი თქვენს რელიგიასა და ცოდნას ეძებენ“, - განაცხადა ხამენეიმ თეირანში გასულ თვეს ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დროს დაღუპული ირანელი სამხედრო მეთაურებისა და მეცნიერების ხსოვნისადმი მიძღვნილ სიტყვაში.

ცნობისთვის, 21 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის, აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.