ქეროლაინ ლევიტი: კალიფორნიის გუბერნატორს ძალადობის აღმოფხვრის მცდელობა არ ჰქონია

ქეროლაინ ლევიტი ლოს-ანჯელესში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ კალიფორნიის გუბერნატორს მცდელობა არ ჰქონია, არეულობა და ძალადობა აღმოეფხვრა.
„რამდენიმე დღის განმავლობაში, ლოს-ანჯელესში ძალადობრივი ქმედებები იყო სახეზე. მიმდინარეობდა არეულობა და გევინ ნიუსომს არაფერი გაუკეთებია ამის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა, რითაც კალიფორნიის გუბერნატორი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„მოძალადე რადიკალები და კრიმინალები თავს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებს დაესხნენ, უცხოურ დროშებს აფრიალებდნენ, რა დროსაც გუბერნატორი ზედმეტად სუსტი ჩანდა, მათ წინაშე. მან არაფერი მოიმოქმედა ქალაქის დასაცავად“, - დასძინა ლევიტმა.
„პროცესში პრეზიდენტი რომ არ ჩართულიყო, ფედერალური შენობების დასაცავად და წესრიგის შესანარჩუნებლად, არეულობა კონტროლის ფარგლებიდან გადიოდა. ეს ფაქტი ლოს-ანჯელესის პოლიციის ხელმძღვანელმაც აღნიშნა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა და არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ საიმიგრაციო კანონის აღსრულებისთვის დამატებითი პერსონალი და რესურსია საჭირო, რაც მიმდინარე არეულობებმაც დაადასტურა.
„ამერიკამ უნდა შეცვალოს ჯო ბაიდენის მიერ წამოწყებული, მილიონობით შეუმოწმებელი არალეგალი უცხოელი დამპყრობლის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტ ტრამპის კანონპროექტი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და აფინანსებს, სულ ცოტა, ერთ მილიონ დეპორტაციას, წლის განმავლობაში. ამ მიზნით, საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურს დაემატება ათი ათასი პირი, მებაჟე ოფიცრები ხუთი ათასი ახალი კადრით შეივსებიან, ხოლო სასაზღვრო პატრულს სამი ათასი ადამიანი დაემატება“, - გამოაცხადა ლევიტმა.
შეგახსენებთ, რომ ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, თავდაცვისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს.