Loading data...
კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკვადორის დაზვერვის უფროსი

კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle კენიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ექვსი მგზავრი და პილოტი იმყოფებოდა, ტურისტული დანიშნულების ადგილას, ოლოლოკვეს მთის ძირას ჩამოვარდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, დაღუპულთაგან ხუთი აშშ-ის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის Telemundo-ს — Comcast/NBCUniversal-ის საკუთრებაში არსებული, აშშ-ში დაფუძნებული ესპანურენოვანი ტელეარხის — აღმასრულებელი დირექტორი.

ავიაკატასტროფას ასევე ემსხვერპლა ეკვადორის სტრატეგიული დაზვერვის ცენტრის დირექტორი მიკელე სენსი-კონტუჯი და მისი მეუღლე, რომელსაც ასევე აშშ-ის მოქალაქეობა ჰქონდა.

კენიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ Eurocopter EC130 B4 ტიპის ვერტმფრენი ლოისაბას ველური ბუნების ნაკრძალიდან გაემგზავრა და კენიის დედაქალაქ ნაირობის ჩრდილოეთით, სამბურუს ოლქში, ევასო ნიიროს რაიონში მიემართებოდა. ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.