Loading data...
კენიაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა

კენიაში თვითმფრინავი, რომელიც მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალისკენ მიფრინავდა, ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 11 ადამიანი - უცხოელი ტურისტები და ეკიპაჟის წევრი - დაიღუპა. Newsweek-ის ცნობით, ტრაგედია 28 ოქტომბრის დილას კენიის სანაპირო რეგიონში, კვალეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ტყიან და მთიან ზონაში, ასაფრენი ბილიკიდან დაახლოებით 40 კილომეტრში ჩამოვარდა. მაშველებმა ავარიის ადგილზე მთლიანად დამწვარი ნამსხვრევები იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია თვითმფრინავზე რეგისტრაციის ნომრით - 5Y-CCA. ბორტზე რვასულიანი ოჯახი იმყოფებოდა.

„ყველა სამთავრობო უწყება უკვე მუშაობს ადგილზე, რათა დადგინდეს კატასტროფის მიზეზი და მისი შედეგები“, - ნათქვამია კენიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებაში.

AP News-ის ცნობით, Mombasa Air Safari-ის კუთვნილმა Cessna Caravan-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა კვალეს რეგიონში, დიანის აეროდრომიდან მასაი-მარასკენ ფრენის დროს განიცადა.

ავიაკომპანია Mombasa Air Safari-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბორტზე რვა უნგრელი და ორი გერმანელი მგზავრი იმყოფებოდა, ასევე, კენიელი პილოტი.