Loading data...
კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ დაწესებულებას „ტრამპ-კენედის ცენტრი“ დაერქვას

ჯონ ფ. კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელთან ერთად მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

„კენედის ცენტრის სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დაწესებულებისთვის დონალდ ჯ. ტრამპისა და ჯონ ფ. კენედის მემორიალური საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის სახელის მინიჭების შესახებ“, - განაცხადა ცენტრის პრესსპიკერმა რომა დარავიმ.

„ერთსულოვანი კენჭისყრით აღიარებულია, რომ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დაწესებულება ფინანსური და ფიზიკური განადგურებისგან იხსნა. ტრამპ-კენედის ახალი ცენტრი ასახავს ამერიკის კულტურული ცენტრის მიმართ ცალსახა ორპარტიულ მხარდაჭერას მომავალი თაობებისთვის“, - დასძინა მან.

საკითხთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, კენჭისყრა საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ტრამპი სატელეფონო ზარით შეუერთდა. 

ტრამპი, რომელიც ახლადშექმნილმა საბჭომ თავმჯდომარედ თებერვალში აირჩია, ხშირად ხუმრობდა საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრისთვის „ტრამპი-კენედის ცენტრის“ დარქმევის შესახებ და, როგორც ჩანს, მის მიერ არჩეულმა საბჭომ მისი სურვილები დაამტკიცა.

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს და ასევე, ვულოცავ პრეზიდენტ კენედის, რადგან ეს ნამდვილად შესანიშნავი გუნდი იქნება მომავალში! შენობა, უეჭველად, წარმატებისა და დიდებულების ახალ დონეს მიაღწევს“, - დაწერა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა X-ზე.