ყაზახეთში წვრთნების დროს სამხედროთა დაღუპვის საქმეზე 5 პირი დააკავეს
ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე 24 სექტემბერს წვრთნების დროს 14 სამხედროს დაღუპვის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 წარმომადგენელი დააკავეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
დაკავებულთა შორის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პირველი მოადგილეა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ნავიგაციის წესების დარღვევა და გულგრილობა.
გამომძიებლები უსაფრთხოების ნორმების წესების შესრულებას, ამინდის პირობებს და კატარღის ტექნიკურ მდგომარეობას შეამოწმებენ, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა.
ცნობისთვის, საწვრთნელი-საბრძოლო ამოცანის დროს კასპიის ზღვაზე ყაზახეთის შეიარაღებული ძალების 17 წარმომადგენელი ზღვამ გაიტაცა. 14 სამხედრო დაიღუპა. სამი მაშველებმა გადაარჩინეს.
ტრაგედია იმ მომენტში მოხდა, როდესაც სამხედროები კატარღიდან ნაპირზე უნდა გადასხმულიყვნენ. ცუდი ამინდის გამო კატარღა ამოტრიალდა და სამხედროები ზღვაში აღმოჩნდნენ.
25 სექტემბერი ყაზახეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.