Loading data...
კარნიმ ტრამპს მოუწოდა, პატივი სცეს კანადის სუვერენიტეტს

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, პატივი სცეს კანადის სუვერენიტეტს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ალბერტას სეპარატისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

პრესკონფერენციაზე კარნის ჰკითხეს Financial Times-ის სტატიის შესახებ, რომელიც ეხებოდა საიდუმლო შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და „ალბერტას კეთილდღეობის პროექტის“ ულტრამემარჯვენე სეპარატისტებს შორის, რომლებიც პროვინციის კანადისგან დამოუკიდებლობას ემხრობიან.

კარნიმ უპასუხა, რომ ტრამპს არასდროს დაუყენებია მასთან ალბერტაში სეპარატიზმის საკითხი და მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, პატივი სცეს კანადის სუვერენიტეტს.

„ჩვენ ველით, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია პატივს სცემს კანადის სუვერენიტეტს. პრეზიდენტ ტრამპთან საუბრების დროს ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის მკაფიოდ ვიყავი განწყობილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Financial Times-ის ცნობით, „ალბერტას კეთილდღეობის პროექტი“ პროვინციის ოფიციალურ პირებთან და აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან შემდგომი შეხვედრის გამართვას გეგმავს, რათა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების სანაცვლოდ 500 მილიარდი დოლარის სესხი მოითხოვოს.

გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ალბერტას მოსახლეობას „სუვერენიტეტი სურს“.