Loading data...
კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან ყველაზე დაბალ დონეზეა

გერმანიის მთავრობის და მისი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ამჟამინდელი კოალიციური მთავრობის მუშაობის დაწყებიდან. როგორც ინსტიტუტის, infratest dimap-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მიუთითებს, მთავრობის საქმიანობით გამოკითხულთა 84 %-ია უკმაყოფილო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცის რეიტინგი 8%-ით შემცირდა და 21%-ს შეადგენს. ვიცე-კანცლერის, ლარს კლინგბეილის რეიტინგი კი 18%-მდე დაეცა. ამ პოლიტიკოსებისთვის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მომდევნო კვირას ბუნდესტაგში არჩევნები რომ გამართულიყო, მმართველი პარტიები იქ უმრავლესობას ვერ მოიპოვებდნენ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალური კავშირი ამომრჩეველთა ხმების 26%-ს მიიღებდა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კი 12% მისცემდა ხმას.

ამავდროულად, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „გერმანიის ალტერნატივა“. ამომრჩეველთა ხმების 25%-ს მიიღებდა.

გამოკითხულთა 70%-ს არ სჯერა, რომ ქვეყნის დღევანდელი მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. 74% ფიქრობს, რომ მერცის მთავრობა სოციალურ სისტემას ვერ შექმნის, რომელიც გრძელვადიანად საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება.