Loading data...
კანადის პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე აშშ-სთან

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. 

რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი, ვიდრე შეერთებული შტატები, კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.

„ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, და ეს გასაკვირი არ არის, გაცილებით მრავალმხრივი, გაცილებით ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. თუმცა, დიახ, ბოლო თვეებში ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ისინი უფრო პროგნოზირებადი გახდა და თქვენ ხედავთ შედეგებს, რომლებიც ამ ყველაფერს მოჰყვება“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კარნიმ აღნიშნა, რომ კანადასა და ჩინეთს პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს თანამშრომლობის შესახებ „გულწრფელი საუბარი“ ჰქონდათ.

16 იანვარს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, კანადა შეამსუბუქებს ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფებს, რომლებიც მან შეერთებულ შტატებთან ერთად 2024 წელს დააწესა. სანაცვლოდ, ჩინეთი შეამცირებს კანადის ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს.

გარდა ამისა, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს ჩინური ინვესტიციების განხორციელებას კანადურ ენერგეტიკასა და სამომხმარებლო საქონელში. კანადა, თავის მხრივ, გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას ჩინეთის აერონავტიკულ ინდუსტრიასა და მოწინავე წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს კანადის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია ჩინეთში 2017 წლის შემდეგ.