Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი, მიგვიერთეო, ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია, გადარჩეს, საქართველოა

შოკისმომგვრელია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ ამბობს, მზადაა, ჩააბაროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მოსახლეობის იდენტობა და, რა თქმა უნდა, რუმინულმა მხარემ ამას დიდი მოლოდინით უპასუხა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მოლდოვის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

მაჭავარიანის თქმით, მოლდოვას შეუძლია მაგალითი საქართველოსგან აიღოს, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

„ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი, მიგვიერთეო. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია, გადარჩეს, ეს არის საქართველო. ჩვენ გვაქვს 3-ათასწლოვანი ისტორია და დღემდე შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი იდენტობა და დღეს ვართ ისეთი დამოუკიდებლები, როგორიც არ ვყოფილვართ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, შეუძლიათ, ჩვენგან აიღონ მაგალითი. რომ არ მოსწონთ ეს ჩვენი კურსი და სუვერენული პოლიტიკა და ის რომ, დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ საქართველოშივე და გარეთ არავის ვეკითხებით, ამიტომ გვაკრიტიკებენ ჩვენ და ამიტომ აქებენ მოლდოვას, რომელიც მზადაა, ერთი ხელის მოსმით დათმოს თვისი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.