კანადამ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებები გაახანგრძლივეს
ჩინეთი კანადიდან იმპორტირებულ უფრო მეტ საქონელზე, მათ შორის ღორის ხორცსა და ზღვის პროდუქტებზე, საბაჟო ტარიფებს შეამცირებს. ინფორმაციას Reuters კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC-ის) სამიტის წინ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართულ შეხვედრაზე კარნიმ განაცხადა, რომ კანადა მნიშვნელოვნად უსწრებს გრაფიკს თავისი მიზნის მიღწევაში, „მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე“ ჩინეთში ექსპორტი 50%-ით გაზარდოს.
კარნის ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კანადის ძლიერი დამოკიდებულების შემცირება შეერთებულ შტატებზე, რომელმაც მრავალ კანადურ პროდუქტზე მაღალი საბაჟო ტარიფები დააწესა.
სი და კარნი შეთანხმდნენ, გაახანგრძლივონ და გააფართოონ წინასწარი შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს კანადელი ფერმერებისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ჩინურ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას, - ნათქვამია კარნის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩინეთი დამატებით სატარიფო შეღავათებს დააწესებს კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 400 მილიონი კანადური დოლარია (280 მილიონი აშშ დოლარი). მათ შორისაა გაყინული ღორის ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები.
განცხადების თანახმად, სანაცვლოდ კანადა დათანხმდა, ორი წლით გაახანგრძლივოს ჩინური ფოლადისა და ალუმინის გარკვეულ პროდუქციაზე მოქმედი შეღავათები, რომელთა ვადაც, ამჟამინდელი მდგომარეობით, 2026 წლის ბოლოს იწურება.
პეკინმა შეთანხმების ზოგადი პირობები კომერციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა.
კარნისთან შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმებას მიაღწია, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები და თანამშრომლობა სრულად აღდგა.
საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, მან ორმხრივი კავშირების განსავითარებლად ოთხი წინადადება ჩამოაყალიბა: ერთმანეთის განვითარების გზების უფრო „ზუსტი აღქმის“ ხელშეწყობა; თანამშრომლობის გაღრმავება ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსების სფეროებში, ისეთ მიმართულებებთან ერთად, როგორებიცაა „მწვანე“, ციფრული ეკონომიკა და ელექტრონული კომერცია; ხალხთაშორისი კულტურული გაცვლების გაძლიერება და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მხარდაჭერა.
„ჩინეთსა და კანადას შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოს“, - განუცხადა სი ძინპინმა კარნის.