Loading data...
კალიფორნია მსოფლიო ლიდერებთან მიმართვას გეგმავს, რომ ის საპასუხო გადასახადებისგან გაათავისუფლონ - Fox News Digital

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი გეგმავს იმ ქვეყნებთან „სტრატეგიული ურთიერთობების“ განვითარებას, რომლებიც აშშ-ს საპასუხო საბაჟო გადასახადების დაწესებას უპირებენ. კალიფორნიის გუბერნატორი გეგმავს, რომ ამ ქვეყნებს მიმართოს, რათა მათ კალიფორნიაში წარმოებული პროდუქცია ამ გადასახადებისგან გაათავისუფლონ. ამის შესახებ Fox News Digital იქწება.

როგორც ტელეკომპანიას ნიუსომის ადმინისტრაციაში აცნობეს, ეს განცხადება იქნება დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე პირდაპირი პასუხი. ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელსაც ის „აშშ-ის გათავისუფლების დღეს“ უწოდებს, უცხო ქვეყნებიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე საბაზისო საბაჟო ტარიფი 10%-იანი გადასახადით განისაზღვრა, ხოლო ზოგიერთი ქვეყნისთვის დაწესებული საბაჟო ტარიფები 30%-ზე მაღალია.

გევინ ნიუსომის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ ნუშის მრეწველობა კალიფორნიის შტატში, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორია, მილიარდობით დოლარს დაკარგავს, რადგანაც ჩინეთი, ევროკავშირი და ინდოეთი მას საპასუხო ტარიფებს დაუწესებენ.

ნუში კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 20%-ს შეადგენს, რომლის საერთო ოდენობა შტატში 23,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კალიფორნია მსოფლიოში ნუშის 80%-ს აწარმოებს. იქ წარმოებული ნუშის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის. ასევე კალიფორნიაში რძის ნაწარმის, მიწის თხილის, ღვინის და ნიგვზის წარმოება ხდება.

კალიფორნია ამჟამად მსოფლიოში მე-5 ეკონომიკაა. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 3,9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს ტეხასის შტატზე 50%-ით მეტია, რომელიც კალიფორნიის შემდეგ აშშ-ის სიდიდით მეორე შტატია. კალიფორნიის ორმხრივი ვაჭრობა წელიწადში 675 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და იქ მილიონობით ადამიანია დასაქმებული.

კალიფორნია ძირითადად მექსიკასთან, კანადასთან და ჩინეთთან ვაჭრობს. შტატის იმპორტის თითქმის ნახევარი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის. კალიფორნიაში ამ სამი ქვეყნიდან იმპორტირებულმა საქონელმა 2024 წელს 203 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუსომის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები სამშენებლო მასალებზე წვდომას გაართულებს, მაგ. შტატს ტყის ხანძრების შემდეგ კანადიდან ხის პროდუქცია ესაჭიროება. ამჟამად კანადის ხის პროდუქციაზე 14%-იანი გადასახადია დაწესებული და ის შესაძლოა 27%-მდე გაიზარდოს. შტატის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ საბაჟო გადასახადების გაზრდა პროდუქციას გააძვირებს და ამაში დამატებითი ფულის გადახდა მომხმარებლებს მოუწევთ.

ახალი ტარიფების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპმა 2 აპრილს განაცხადა. ტრამპის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს სხვა ქვეყნების მიერ ამერიკულ პროდუქციაზე მაღალი გადასახადების დაწესების საპასუხოდ მოხდა.