Loading data...
კალასის თქმით, ევროპელებისა და უკრაინელების ზურგს უკან მიღებული გეგმები არასდროს გაამართლებს, ევროკავშირი კი მშვიდობის მისაღწევად ორპუნქტიანი გეგმის ერთგული რჩება

ევროკავშირი უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს იმ ცნობების ფონზე, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ამზადებენ გეგმას ომის დასრულების შესახებ უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკავშირის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება

კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სამართლიან, მდგრად და ყოვლისმომცველ მშვიდობას.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს მხარდაჭერილი უკრაინისა და ევროპის მხრიდან, რათა წარმატებული იყოს. თუ რუსეთს ნამდვილად სურდა მშვიდობა, ისინი მარტში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას მიიღებდნენ“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.

ამავდროულად, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, მკაცრი რეალობა ისაა, რომ გუშინ ტერნოპოლში რუსული თავდასხმის შედეგად 26 უკრაინელი დაიღუპა.

რუსეთზე, როგორც აგრესორზე, მეტი ზეწოლაა საჭირო

„რუსეთმა არაერთხელ გამოხატა სიტყვიერი მხარდაჭერა სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ, თუმცა წინა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რუსეთმა არასდროს აიღო რაიმე რეალური ვალდებულება. ზეწოლა უნდა იყოს მიმართული აგრესორისკენ და არა მსხვერპლისკენ. აგრესიის დაჯილდოება მხოლოდ მის გამწვავებას გამოიწვევს“, - განაცხადა კალასმა.

უკრაინაში რეალური მშვიდობის მისაღწევად ევროკავშირის მიდგომა ორპუნქტიან გეგმას გულისხმობს

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკავშირი მკაფიო ორპუნქტიანი გეგმის ერთგულია. 

„პირველ რიგში, რუსეთის დასუსტება. მეორეც, უკრაინის მხარდაჭერა“, - განმარტა კალასმა.

მან დასძინა, რომ დღეს ევროკავშირის სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთზე სანქციების გავლენის შესახებ ანგარიში წარადგინეს.

„მონაცემები ძალიან ნათელია. რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ნავთობის გაყიდვიდან მიღებული რუსული საგადასახადო შემოსავლები ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სანქციები რუსეთს ძლიერ დარტყმას აყენებს და კიდევ უფრო მეტი იქნება“, - აღნიშნა კალასმა.

ამავდროულად, ევროკავშირის პრიორიტეტია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური ნაბიჯების გადადგმის შესახებ დღეს ინტენსიური დისკუსიები გაიმართა. ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები 550-ზე მეტ გემს.

უკრაინის მხარდაჭერას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე რუსეთის შესაძლო გამარჯვებას

კალასმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ბევრმა მინისტრმა უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი წამოჭრა. მან ხაზგასმით აღნიშნა: „რეპარაციის სესხი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ყველაზე მკაფიო გზაა. ეს ასევე რუსეთისთვის იმის ჩვენების საშუალებაა, რომ დრო მის მხარეს არ მუშაობს. უკრაინის მხარდაჭერა კარგი გარიგებაა რუსეთის გამარჯვების ფასთან შედარებით“.

ევროპელებისა და უკრაინელების თანხმობის გარეშე არცერთი გეგმა არ იმუშავებს

ამავდროულად, უმაღლესმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ომის დასრულების გეგმები ევროკავშირისა და უკრაინის ზურგს უკან მუშავდება.

„მინისტრები დღეს საკმაოდ მტკიცე და მშვიდი იყვნენ ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ეს ადრეც გვინახავს და რადგან სხვადასხვა სამშვიდობო გეგმა არ იმუშავებს, თუ ევროპელები და უკრაინელები არ დაეთანხმებიან მათ“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.