კალასი ტრამპ-პუტინის ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრაზე: არასასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა, ევროპულ ქვეყანაში ჩადის - მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკიც შეხვდეს პუტინს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უკმაყოფილოა იმით, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიას ეწვევა. ამის შესახებ კალასმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
„ბუდაპეშტთან დაკავშირებით... ნამდვილად არასასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ ჩადის ევროპულ ქვეყანაში ადამიანი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა. და ისევ და ისევ, კითხვა ისმის, ექნება თუ არა ამას რაიმე შედეგი“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ განვითარდება მოვლენები ბუდაპეშტში და არ დაავიწყდეს, რომ „რუსეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ თანხმდება, როდესაც ზეწოლის ქვეშაა“.
„ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპიც გამოიყენებს ამ ზეწოლას. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შეხვდეს პუტინს“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კალასმა გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებულ შტატებს „აქვს საკმარისი ბერკეტი, რათა რუსეთი აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და თუ ისინი ამას გამოიყენებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ რუსეთი ამ ომს შეწყვეტს“.