Loading data...
კაია კალასის თქმით, წითელი ზღვის ბლოკადა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და „წარმოადგენს საშიშ ესკალაციას“

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელი მუქარა საუდის არაბეთისთვის საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და „წარმოადგენს საშიშ ესკალაციას“.

კალასმა მოუწოდა „ჰუსიტებს“, შეწყვიტონ ყველა ის ქმედება, რომელიც „საერთაშორისო გადაზიდვებსა და მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.

მებრძოლმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ 23 ივლისს წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ორ ნავთობტანკერს თავს დაესხა, მას შემდეგ, რაც 20 ივლისს საუდის არაბეთის გემებზე საზღვაო ბლოკადა დააწესა, რაც ირანის ომში ახალი ფრონტის გახსნის საფრთხეს ქმნის. 

„წითელ ზღვაში ნავთობტანკერზე თავდასხმა მიუღებელია, უკანონოა და კიდევ უფრო ამწვავებს რეგიონში არსებულ ისედაც არასტაბილურ სიტუაციას. ნავიგაცია შეუფერხებელი უნდა იყოს როგორც ჰორმუზის სრუტეში, ასევე წითელ ზღვაში“, - განაცხადა კალასმა.