Loading data...
ჯოზეფ ბორელი პუტინის განცხადებაზე: აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია“.

„პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“, - აცხადებს ბორელი. 

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ გამოხატავს რეალურ ინტერესს მშვიდობისადმი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს, თუ უკრაინა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე უარს იტყვის.

მისი თქმით, უკრაინამ ამ ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და ასევე უარი უნდა თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში, გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ზელენსკიმ პუტინის ამ წინადადებას ულტიმატუმი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა.