Loading data...
პუტინის სიტყვები რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა - ზელენსკი პუტინის „სამშვიდობო წინადადებას“ გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის ულტიმატუმი, რომლის ნდობაც შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ Sky TG24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას, თუნდაც მისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

„ეს არის ულტიმატუმის გზავნილი, რომელიც წარსულის გზავნილებისგან არაფრით განსხვავდება. ის არ გაჩერდება, ამიტომ არ უნდა ენდოთ ამ გზავნილებს“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავის განცხადებაში პუტინმა უკრაინას მოსთხოვა, დაეთმო არა მხოლოდ უკვე ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ის ტერიტორიებიც, რომლებიც კიევის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა მანამდე მას მხოლოდ ყირიმი და დონბასი სურდა.

ზელენსკის თქმით, პუტინის სიტყვები „რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა“.

„იგივე, რაც ჰიტლერმა გააკეთა, როდესაც თქვა: „მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და აქ ყველაფერი დასრულდება“. მაგრამ, არა, ეს ტყუილია, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს, თუ უკრაინა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე უარს იტყვის.

მისი თქმით, უკრაინამ ამ ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და ასევე უარი უნდა თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში, გაწევრიანების პერსპექტივაზე.