ჯორჯია მელონი ლიბიის წყლებში უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე: ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვაში გავრცელდეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ გასულ კვირას ლიბიის წყლებში რუსული სამხედრო გემი ჩაძირა. ამის შესახებ მელონიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრა.
„ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს და არც შეიძლება, რომ გავრცელდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მელონიმ.
მისი თქმით, იტალია ამ პოზიციას უკრაინულ მხარესთან დიალოგში მკაფიოდ გამოხატავს.
„მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და ასევე, ჩვენს პარტნიორებთან. ვფიქრობ, ჩვენც ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა უკრაინას თავდაცვაში მომავალშიც დავეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როდესაც მელონის კიევისთვის იტალიის მიერ გაწეულ დახმარებასა და ლიბიაში მომხდარ ინციდენტს შორის შესაძლო კავშირის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „უკრაინისთვის განკუთვნილი რესურსების საკითხს ამ თავდასხმებს არ დავუკავშირებდი“.
„ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკისთან ურთიერთობაში ვიყავი და მომავალშიც ვაპირებ, რომ ძალიან მკაფიო ვიყო“, - დასძინა მელონიმ.