Loading data...
ჯონ კირბი: აშშ-ს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი გარდაუვალი არ არის

აშშ-ს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, არსებობს დრო და სივრცე დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა წინსვლისთვის. ომი გარდაუვალი არ არის და ჩვენ ვაპირებთ,  გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ის თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მან.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები წინასწარ ინფორმირებული არ იყო ისრაელის მიერ სამხრეთ ბეირუთის დაბომბვასთან დაკავშირებით, რომლის სამიზნესაც „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი წარმოადგენდა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას მან დასძინა, რომ აშშ მკაცრად მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ლიბანში, ან დატოვონ ქვეყანა, თუ უკვე იქ იმყოფებიან.

ისრაელის მედიის ცნობით, ბეირუთში დაბომბვის შედეგად დაჯგუფების სამხედრო მეთაური იბრაჰიმ აქილი და „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ წევრები დაიღუპნენ.