Loading data...
ჯონ ბოლტონი: ევროკავშირის მორიდებულობამ და აშშ-ის დიპლომატიამ გააუმჯობესა რუსეთის შანსები ომში

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ და შეცდომებმა გაზარდა რუსეთის გამარჯვების შანსი უკრაინის წინააღმდეგ ომში. აღნიშნულის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, „ვაშინგტონ პოსტისთვის“ დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

ბოლტონი, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის გამო, მხოლოდ უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ დგას საფრთხის ქვეშ.

„ცივი ომის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ვერასდროს იქნა მიღწეული. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ბევრ ამერიკელს და ევროპელს გადაწყვეტილი აქვს, ეს სამუშაო რუსეთის მაგივრად შეასრულოს“, - წერს ბოლტონი.

კერძოდ, ბოლტონი, ასევე, გამოთქვამს მწუხარებას იმის გამო, რომ ევროკავშირმა უკრაინას არ გადასცა გაყინული რუსული აქტივები.

„ეს იყო აშკარა და მარტივი დამარცხება იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ „ღორები“ უწოდა. ევროკავშირის გზავნილი სუსტი იყო: ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას, მაგრამ არა ფართო მასშტაბით. გასაკვირი არ არის, რომ პუტინი მიიჩნევს, დრო მის მხარესაა“, - წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო უარესი იყო. ბოლტონის შეფასებით, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა მტკიცებულებების გარეშე, რომ პუტინი უკრაინაში მშვიდობას ცდილობს, სამაგიეროდ, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვთ.