ჯეი დი ვენსი: ირანმა ომის დასასრულებლად ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს
„ირანმა ვაშინგტონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ომის დასასრულებლად მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები“, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თეირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის წინაპირობა სწორედ ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვაა, რის გარეშეც ამერიკული მხარე გარიგებაზე არ წავა.
„თუ ბირთვული იარაღის შექმნა არ გსურთ, მაშინ რაში გჭირდებათ 60%-ით გამდიდრებული საწვავი? თუ გსურთ დაამტკიცოთ, რომ ბირთვული იარაღის დამზადებას არ აპირებთ, ნუ შექმნით მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ძალიან მარტივი და ძირეული საკითხია“, – აღნიშნა ვენსმა Reuters-თან ინტერვიუში.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი შეთანხმებისთვის მზად არის, თუმცა ირანისგან რეალურ და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის: „ჩვენ არ ვაპირებთ სიტყვების მოქმედებაზე გაცვლას“.
მედიის ცნობით, პროცესს ისიც ართულებს, რომ ამერიკული მხარისთვის გაურკვეველია, ვინ იღებს ამჟამად საკვანძო გადაწყვეტილებებს თეირანში.
ვენსის განმარტებით, აშშ მოლაპარაკებებს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან აწარმოებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში აშშ-ისრაელის ერთობლივ დარტყმებს უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა, უცნობია, რამდენად ქმედითია მათი უფლებამოსილება.
„ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც შევნიშნეთ, არის ის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, თუ როგორ იღებს მათი ქვეყანა გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.