Loading data...
ჯეი დი ვენსი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ 28 ოქტომბერს დაწყებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა. 

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, - აცხადებს ვენსი. 

28 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ ცენტრზე საჰაერო დარტყმები დაიწყო.

ღაზას სექტორის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ისრაელმა სულ მცირე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასი“ გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას აჭიანურებს.