Loading data...
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობას არ გამორიცხავს და ეს უკრაინაში ომთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას არ ეწინააღმდეგება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს რუსეთთან თანამშრომლობას გარკვეულ სფეროებში და ეს არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პოზიციას უკრაინის ომთან დაკავაშრებით. ამის შესახებ ვენსმა ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ხალხი ამბობს, თქვენ პუტინთან თანამშრომლობა არ შეგიძლიათ არცერთ საკითხზე, რადგან არ ეთანხმებით მის უკრაინაში შეჭრას. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ პუტინი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ჩვენ შევეცდებით ვიმუშაოთ და ეს დავასრულოთ, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს თანამშრომლობის გარკვეული სფეროები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა ვენსმა. 

მისივე თქმით, შესაძლოა, შეერთებული შტატები რუსეთს რიგ საკითხებში არ დაეთანხმოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს ორმხრივ თანამშრომლობას.

„მისი პოზიცია {აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი} არის ის, რომ ჩვენ ალიანსების მომხრე ვართ. შეიძლება გვქონდეს ქვეყანა, სადაც ჩვენი ინტერესების 90%-ს ვეთანხმებით, მაგრამ საკითხების 10%-ზე ვერ ვთანხმდებით. ამასობაში, შესაძლოა, რუსეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე შეიძლება შევთანხმდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტური რეორიენტაციაა“, - დასძინა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა. 

2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს წარუდგინა წინადადებები ურთიერთობების სრული „ნორმალიზაციისთვის“ „სერიოზული ბარიერების“ მოხსნის შესახებ.