Loading data...
ჯარედ კუშნერმა განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ტრამპი ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის შესაბამის უსაფრთხოების გარანტიებს და კონგრესის მიერ მათ დამტკიცებას იმ შემთხვევაში, თუ ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურა ამ გარანტიების ამოქმედების საჭიროებას უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოს გახდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

კუშნერის თქმით, ტრამპის მზადყოფნა, განიხილოს უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, „ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გასაღებია“. ხოლო „რუსეთის მზადყოფნა“, განიხილოს ასეთი გარანტიები, კუშნერის თქმით, „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და იმის პოტენციური დასტურია, რომ ის მშვიდობას სერიოზულად ეკიდება“.

„მყარი გარანტია, მე-5 მუხლის მსგავსი, რომელიც გამყარებულია შეკავებისა და კონფლიქტის პრევენციის მექანიზმებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალი ომის რისკს. პრეზიდენტი ზელენსკი მართალია: ეს გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, სანდო და მკაფიოდ დოკუმენტირებული“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

კუშნერის თქმით, „ეს იმ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებათა შორისაა, რომელთა აღებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია და ისინი გულდასმით განხილვას მოითხოვს“.

მან აღნიშნა, რომ ტრამპს მოუწევს ნებისმიერი შეთავაზებული გარანტიის დამტკიცება, კონსტიტუციური და კონგრესის პროცედურების გათვალისწინებით.

კუშნერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს „მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამდა, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ეს ცალსახად შეესაბამება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ხოლო უსაფრთხოების სფეროში უფრო ფართო შეთანხმებები უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოს გახდიდა ამ გარანტიის ოდესმე ამოქმედებას“.

„სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოოდ ჩამოყალიბება შეუძლებელია ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისგან განცალკევებით. ეს ორი საკითხი ერთობლივად უნდა განიხილებოდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ევროპული ინსტიტუტები და შეთანხმებები მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, ხოლო აშშ-ის მიზანია „მათი განმტკიცება, იმის განსაზღვრა, თუ სად ვერ შეძლო მოქმედმა მექანიზმებმა ამ ომის თავიდან აცილება და უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავება მომავალი კონფლიქტების რისკის შესამცირებლად“.

„ეს მოიცავს კონსულტაციებისთვის მუდმივ არხებს, კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას, სამხედრო კონფლიქტების მოგვარებას, მეტ გამჭვირვალობასა და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ორმხრივ ზომებს. ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის განზრახვებისა და ვალდებულებების მკაფიო გაგება, ასევე, პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს სერიოზული უთანხმოების შემთხვევაშიც კი“, - განმარტა მან.