ჯარედ კუშნერი: პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია, ის ისტორიული პიროვნებაა - მას აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც სურს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, პოდკასტ MD MEETS-ში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია.
კუშნერის შეფასებით, პუტინი მაღალი ორგანიზებულობითა და საფუძვლიანი მომზადებით გამოირჩევა.
„პრეზიდენტი პუტინი ძალიან ორგანიზებულია. ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, ვიღაცას – არა, მაგრამ ის, უდავოდ, პოლიტიკის დიდოსტატია. ის ისტორიული პიროვნებაა. ყოველთვის არის ძალიან კარგად მომზადებული და საკითხებს ღრმად აანალიზებს. საუბრისას ბევრ ჩანაწერს აკეთებს, შემდეგ კი საკუთარ პოზიციას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს“, - აღნიშნა მან.
კუშნერისა და სტივ უიტკოფის დაკვირვებით, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ მშვიდობის მიღწევა არ ამოძრავებს - მას აშშ-თან ურთიერთობების გადახედვა და ახალი შესაძლებლობების მოსინჯვაც სურს.
„ჩემი და სტივ უიტკოფის შეფასებით, მას არა მხოლოდ მშვიდობა სურს, არამედ აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც უნდა. სურს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა ურთიერთობების თავიდან დაწყების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, არავინ იცის, რამდენად გულწრფელია ეს განზრახვა და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება, თუმცა, ყოველთვის უნდა დაიწყო მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელსაც შესაძლოა, არ ეთანხმებოდე, მაგრამ რომელსაც ცვლილებების განხორციელების ძალაუფლება აქვს“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.