ჯარედ კუშნერი: აშშ ირანელებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ჯარედ კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონსა და ირანის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას შორის კომუნიკაცია, შესაძლოა, იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე, თუმცა ორივე მხარემ ჯერ ვერ მიაღწია შეთანხმებას.
კუშნერი Fox News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყურადღება ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნებას, მათ შორის ირანის პორტების მიმართ აშშ-ის ბლოკადას, ეთმობა.
„თუ ირანი მზადაა დაასრულოს ჩვენთან განხილული შეთანხმება, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობაზე უარის თქმას გულისხმობს, მაშინ [ტრამპს] სურს დადოს შეთანხმება, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ირანელი ხალხისთვის“, - აცხადებს ჯარედ კუშნერი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ირანი ისეთი შეთანხმების მიღწევის ინტერესს არ ავლენს, რომელიც აშშ-ისთვის მისაღები იქნება.
„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მომთმენი იქნება. მას არ სურს შეთანხმების დაჩქარება. ის სწორ შეთანხმებას მაშინ გააფორმებს, როცა ამისთვის შესაფერისი პირობები იქნება“, - განაცხადა კუშნერმა.
ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, აშშ-სა და ირანს შორის „ძალიან პოზიტიური და აქტიური საუბრები“ გრძელდება.