იური იგნატი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
იგნატის თქმით, Patriot-ის არასაკმარისი არსენალი ერთადერთი პრობლემა არ არის.
„სახმელეთო და ავიაციურ პლატფორმებზე არსებული რაკეტებიც კი დეფიციტურია“, - აღნიშნა მან „ტელემარათონის“ ეთერში.
საჰაერო ძალების წარმომადგენელმა დასძინა, რომ 23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა.
იგნატის განმარტებით, პრაქტიკულად ყველა შეხვედრასა და დიალოგში მთავარი განხილვის თემა სწორედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იყო, განსაკუთრებით მოსალოდნელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წინ.