იტალიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდეს, უკონტროლო იმიგრაციას ებრძოლოს: ვამაყობთ ევროპის ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობით და გვსურს მისი დაცვა
ესპანეთის ქალაქ სეუტაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და მისმა დანიელმა კოლეგამ მეტე ფრედერიქსენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდეს, უკონტროლო იმიგრაციას ებრძოლოს.
„არავის შეუძლია, უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფით შედეგები ჩვენი საზოგადოებებისთვის - დანაშაულის დონის ზრდა, საჯარო სერვისებზე ზეწოლის გაზრდა, საზოგადოების ნდობის რღვევა... ბუნებრივია, ევროპელი მოქალაქეები პოლიტიკოსებისგან კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ“, - აღნიშნეს მელონიმ და ფრედერიქსენმა.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივი ადამიანები ძალიან მაღალ ფასს იხდიდნენ უკონტროლო იმიგრაციის გამო. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაგრძელოთ გადამწყვეტი მუშაობა, რათა მივაწოდოთ კონკრეტული პასუხები ადამიანებს, განსაკუთრებით კი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფებს და ჩვენი თემები უფრო უსაფრთხო გავხადოთ“, - ხაზგასმით აღნიშნავენ ისინი.
მელონის და ფრედერიქსენის თქმით, უნდა გააქტიურდეს იმ უცხოელების დეპორტაცია, რომლებმაც ევროპაში მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს.
განცხადებაში ისინი ასევე ითხოვენ მესამე ქვეყნებში რეპატრიაციის ცენტრების შექმნას და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ სხვა „ინოვაციური გადაწყვეტილებების“ დანერგვას.
გარდა ამისა, ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ევროპაში ჩასულმა ადამიანებმა - თავშესაფრის მაძიებლები იქნებიან, თუ სამუშაოდ ლეგალურად ჩასული იმიგრანტები - პატივი უნდა სცენ არა მხოლოდ ევროპულ კანონებს, არამედ ევროპულ ღირებულებებსაც.
„ჩვენ ვამაყობთ ევროპის ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობით და გვსურს მისი დაცვა. ველით, რომ ისინი, ვინც ჩვენს ქვეყნებში ჩამოდიან და გადაწყვეტენ, ევროპა საკუთარ სახლად აქციონ, პატივისცემით მოეკიდებიან ჩვენს ღირებულებებს და არ შეეცდებიან ისეთი მოდელების დაწესებას, რომლებსაც არ ვიზიარებთ. ვფიქრობთ, რომ ეს ევროპისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად სწორი გზაა და გვჯერა, რომ მილიონობით ევროპელიც იმავეს ფიქრობს“, - განაცხადეს ფრედერიქსენმა და მელონიმ.