იტალიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის მხრიდან საფრთხე ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია
რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოებას ფართო საფრთხეს უქმნის, რადგან მოსკოვს შეუძლია, ბლოკისთვის ძირის გამოთხრის მიზნით, არალეგალური იმიგრაცია და სხვა საკითხები გამოიყენოს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, წერს Reuters-ი.
„უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხე ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია”, - განაცხადა მელონიმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთის, ან სხვა ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის გამოწვევები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არ დასრულდება და ევროკავშირი ამისთვის მზად უნდა იყოს.
„ეს ეხება ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, იმას, რაც ხდება აფრიკაში, ეს ეხება ნედლეულს, მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უსაფრთხოების ძალიან ფართო კონცეფციაა“, - განაცხადა მელონიმ.
მან ევროკავშირს მოუწოდა, თავისი საზღვრების დასაცავად მეტი გააკეთოს და არ დაუშვას რუსეთის, ან რომელიმე „კრიმინალური ორგანიზაციის“ მიერ არალეგალური მიგრანტების ნაკადების მართვა.
როგორც მელონიმ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ევროკავშირის უსაფრთხოების „ქვაკუთხედად“ რჩება, ბლოკმა უფრო ფართო საკითხები უნდა მოაგვაროს.
„უსაფრთხოება ასევე ნიშნავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებას, ნედლეულს, მიწოდების ქსელებს. ეს ნიშნავს ახალ და უფრო ეფექტურ საგარეო და თანამშრომლობით პოლიტიკას, ეს ნიშნავს მიგრაციას“, - თქვა მან.