Loading data...
ისრაელმა „ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი დამგეგმავი ღაზაში საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

სამხედროების ცნობით, ჰაკემ ალ-ისა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ფრთის „საბრძოლო და ადმინისტრაციული მხარდაჭერის დივიზიის“ შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ღაზას ქალაქ საბრას რაიონში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰაკემ ალ-ისა ჰამასის „ცოდნის ცენტრალური წყარო და ერთ-ერთი ბოლო მაღალჩინოსანი იყო, რომელიც 7 ოქტომბრამდე მაღალ პოზიციას იკავებდა და ღაზას სექტორში რჩებოდა“.

„წარსულში ისა ხელმძღვანელობდა ჰამასის ძალების მშენებლობის პროცესს ღაზაში, იყო სამხედრო ფრთის ოპერაციული განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხელმძღვანელობდა წვრთნების განყოფილებას და ჰამასის სამხედრო გენერალური საბჭოს წევრი იყო“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

სამხედროები დასძენენ, რომ „ისამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბრის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში“.