Loading data...
„ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა“ - ნეთანიაჰუ მაკრონის ინიციატივაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

ნეთანიაჰუმ მაკრონის ამ განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა.

 „დღეს ისრაელი თავს შვიდ ფრონტზე [იგულისხმება ღაზა, ლიბანი, დასავლეთ სანაპირო, იემენი, სირია, ერაყი და ირანი] იცავს ცივილიზაციის მტრების პირისპირ. იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელი ებრძვის ბარბაროსულ ძალებს, რომლებსაც ირანი მეთაურობს, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ისრაელის გვერდით უნდა იდგეს. თუმცა, პრეზიდენტი მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები ახლა ემბარგოს მოწოდებით გამოდიან ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე. სირცხვილი მათ. 

აწესებს თუ არა ირანი იარაღის ემბარგოს თავის მარიონეტებზე? - რა თქმა უნდა, არა. 

ტერორის ეს ღერძი ერთად დგას. თუმცა ქვეყნები, რომლებიც ვითომ ამ ტერორისტული ძალის წინააღმდეგ გამოდიან, ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების მოწოდებით გამოდიან. როგორი სირცხვილია“, - ამბობს ნეთანიაჰუ.

მისივე თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს „მათი დახმარებით, თუ მის გარეშე.

„თუმცა, მათი სირცხვილი კიდევ დიდხანს გაგრძელდება მას შემდეგაც, რაც ომში გავიმარჯვებთ. დარწმუნებული იყავით, ისრაელი იქამდე იბრძოლებს, სანამ ომი მოგებული არ იქნება. ამას გავაკეთებთ საკუთარი თავისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელისთვის ღაზის სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი საჭიროებს „პოლიტიკურ მოგვარებას”.