Loading data...
ისრაელისა და ირანის დაპირისპირება G7 სამიტის მთავარი თემა იქნება - BBC

ამ კვირაში, კანადაში დაგეგმილ სამიტზე მსოფლიოს ლიდერები შეიკრიბებიან. ისრაელისა და ირანის კონფლიქტი იქნება ის მთავარი საკითხი, რომელსაც G7-ის მონაწილეები განიხილავენ. თემაზე BBC წერს. 

„ალბერტას კლდოვან მთებში, სამდღიანი შეხვედრა, აუცილებლად, ახლო აღმოსავლეთში ომზე იქნება ორიენტირებული“, - აცხადებს მედია საშუალება. არადა, სამიტის მონაწილეებს საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდათ. მათ რუსეთი/უკრაინის კონფლიქტსა და ამერიკა/ჩინეთის სატარიფო ომზე უნდა ესაუბრათ. 

ისრაელის გადაწყვეტილება ირანზე თავდასხმის შესახებ აიძულებს შვიდეულის ჯგუფს, ნაკლები დრო დაუთმონ სხვა საკითხებს და უახლესი კონფლიქტის მართვის გზები განიხილონ. 

როგორც BBC წერს, სამიტის მონაწილეები: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, კანადასთან და იაპონიასთან ერთად, ეცდებიან აშშ-ზე გავლენის მოხდენას. 

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ისრაელმა ირანზე თავდასხმა ამერიკის ღია მხარდაჭერის გარეშე დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც რეალური ბერკეტები აქვს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე. 

„დიდი შვიდეულის ლიდერები კარგად იცნობენ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რისკების საკითხს, თუ ეს კონფლიქტი ესკალაციას გამოიწვევს, სხვა ქვეყნებსაც ჩაითრევს და ნავთობის ფასი, კიდევ უფრო, გაიზრდება“, - ვკითხულობთ გამოცემაში. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიდერებს საერთო პოზიციის მიღწევა გაუჭირდებათ. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელსა და ირანს თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

თუმცა სხვებმა, მაგალითად, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის თავდასხმა დაგმო: „აუტანელი“ და „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა მან ფაქტს დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, რომელმაც ისრაელის დარტყმები შეაფასა, როგორც „შესანიშნავი“.